Saturday, October 2, 2010

Proud owner of Amazon Kindle 3

წინათქმა

ამ დღეს 1 წელი ველოდი. ზუსტად 1 წლის წინ გავიგე სპეციალური მოწყობილობის არსებობის შესახებ, რომელიც კითხვის დროს თვალს არ აღიზიანებდა(დიდი მადლობა დავით რაჭველიშვილს :) ). მას შემდეგ მუდმივად მქონდა ამ მოწყობილობის შეძენის სურვილი, რადგან მონიტორზე 10 წუთით კითხვაც კი ცუდ დღეში მაგდებდა. მაშინ მისი ფასი ცოტა მეძვირა + განბაჟებაც უწევდა და მომავლისთვის გადავდე. ცოტა ხნის შემდეგ ხელში სულ რამდენიმე წამით ჩამივარდა კინდლ 1, რომელმაც ჩემი სურვილი კიდევ უფრო გაამძაფრა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მე კი უკინდლო კინდლომანად ვრჩებოდი და აი დადგა ნანატრი დღე, როცა ამაზონმა newsletter-ით მაუწყა ახალი კინდლის შესახებ, რომელიც 139$ ეღირებოდა და წინა ვერსიაზე ბევრად დახვეწილი იქნებოდა. გამოსვლას დაველოდე და როგორც კი პირველი რევიუები გაჩნდა, ეგრევე შევუკვეთე, ცდა დიდი ხანი მომიწია. მხოლოდ შეკვეთიდან 17 დღის მერე გამომიგზავნეს, თუმცა ჩემმა წერილებმა გაჭრა და დაანონსებულთან შედარებით 5 დღე მოვიგე(რამდენიმე წერილი მივწერე ამაზონს, რომ ძალიან მჭირდებოდა, ამასთან ვახსენე ერთი ფორუმელის ამბავი, რომელმაც ჩემს მერე შეუკვეთა და უკვე მიღებული ჰქონდა. ამ ყველაფერმა გაამართლა(ან უბრალოდ დაემთხვა) და ბოლო წერილზე მომივიდა პასუხი რომ უკვე იფუთება და რაც შეიძლება სწრაფად გამოვუშვებთო.). მოკლედ შემდეგ ყველაფერი სტანდარტულად მოხდა და 30 სექტემბერს კინდლი უკვე ჩემთან იყო.





კინდლის აღწერა

გარეგნობა
როგორც კი შევხედე ცოტა უკმაყოფილების გრძნობა გამიჩნდა რადგან უფრო დიდი მეგონა, თუმცა ახლა ვთვლი რომ უბრალოდ წიგნების საკითხავად იდეალური ზომა აქვს. მეორე დღეს შარვლის ჯიბით წავიღე სამსახურში. მისი დაჭერა ცალი ხელით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ასევე გამაკვირვა წონამ, ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ შიგნით არაფერია და მხოლოდ პლასტმასის კარკასი გიჭირავს ხელში. შავი ფერი ძალიან უხდება. კლავიატურა არც ისე მოსახერხებელია, კონცენტრაციის გარეშე აკრება საკმაოდ გაჭირდება. თან ციფრებისთვის სპეციალური კლავიშები არ აქვს და სიმბოლოებიდან უნდა ჩასვათ, რაც განსაკუთრებით მოუხერხებელია თუ ინტერნეტში პაროლად თქვენს დაბადების თარიღს ხმარობთ(გამიგია რომ ხმარობენ :) ).
აღსანიშნავია, რომ არ მომეწონა ჩამრთველი და გადაფურცვლის კლავიშების ხარისხი. ცოტა ფაქიზი მეჩვენება, კი გადართვა მარტივია, მაგრამ ცოტა ზედმეტი ძალა და შეიძლება დაზიანდეს(ეს ჩემი აზრია, ზედმეტ ძალას არ ვატან, შეიძლება უძლებს კიდეც, მაგრამ ყოვლეთვის მგონია რომ ხელში შემრჩება.). კორპუსის უკანა მხარეს განთავსებულია 2 დინამიკი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მოუსმინოთ მუსიკას ან კინდლს წააკითხოთ სასურველი ტექსტი. მიუხედავად ამ საშუალებისა, მე მაინც ყურსასმების გამოყენებას გირჩევთ. ცოდვაა ამ მოწყობილობის რუპორად ხმარება.

ეკრანი
ჩართვისთანავე იგრძნობა ეკრანის ხარისხი. სანამ გააცნობიერებ ყველაფერს, სურვილი გიჩნდება კიდევ ერთი დამატებითი ფოლგა მოაცალო, რომელზეც ეს ყველაფერი დახატულია. უკვე 3 დღეა მაქვს და შემიძლია ვთქვა: ეკრანი უნაკლოა. სპეციალურად ვცდილობდი რამე ნაკლი მეპოვნა, მაგრამ გამოსახულება იდეალურია.
განახლების სისწრაფეც ძალიან მაღალია, კითხვის დროს პრაქტიკულად არ იგრძნობა, მხოლოდ ინტერნეტში ხეტიალისას თუ შეგექმნებათ მცირე დისკომფორტი. ხარისხი ერთნაირია ნებისმიერი დახრის კუთხისთვის.

ენების მარდაჭერა
უპრობლემოდ აღიქვამს ყველა სიმბოლოს. მათ შორის pdf-შიც. ქართულ ტექსტებთან არანაირი პრობლემა არ შექმნია. ალბათ პირველი რიდერია(სონის აქამდე არ ჰქონდა და სხვები არ ვიცი), რომელსაც ოფიციალურად აქვს ქართულის მხარდაჭერა. თუმცა მგონი ამის შესახებ თვითონ ამაზონში არ იციან, რადგან ჩემს შეკითხვაზე ოპერატორმა მიპასუხა, რომ კირილიცა დაამატეს და მომავალში ენების რაოდენობის გაზრდაზე ფიქრობენ :)

ფაილების ჩაწერა
კომპიუტერს უერთდება როგორც ჩვეულებრივი ფლეშკა. მთავარ დირექტორიაში რამდენიმე ფოლდერია და ფაილებს ვაგდებთ შესაბამისად. ჩართვის შემდეგ წიგნები და დოკუმნტები კინდლის პირველივე გვერდზე შეგხვდებათ. როგორც ინსტრუქციიდან გავიგე, მუსიკას მხოლოდ mp3 ფორმატში აღიქვამს. ცხადია ვიდეოს მხარდაჭერა არ აქვს(ესეც თუ გინდათ, ცოტა ფული დაამატეთ და მიმართეთ Apple-ს :) ).


კინდლ-სთორი
თქვენივე კინდლის WiFi-თი შეგიძლიათ შეხვიდეთ კინდლ-სთორში, სადაც თავიდან გაივლით რეგისტრაციას და თქვენს ამაზონის ექაუნთს ავტომატურად მიებმება ეს შესანიშნავი ხელსაწყო. ამის შემდეგ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი წიგნი თუ გაზეთი თქვენი კინდლისთვის და ჩამოწეროთ 1 ხელის დაჭერით. ცხადია თანხა ამაზონზე მიტითებული ბარათიდან ჩამოგეჭრებათ(ჩამოწერამდე კიდევ 1 ეტაპია, სადაც გადახდას ადასტურებთ). გადმოწერა ხდება მარტივად და შეუმჩნევლად. გადმოწერისას შეგიძლიათ თან იკითხოთ ან ათვალიეროთ ამაზონის კატალოგი.

ბრაუზერი
ბრაუზერი ექპერიმენტულია, თუმცა პირადად მე საკმაოდ კმაყოფილი დავრჩი. უპრობლემოდ აღიქვამს ჯავასკრიპტს და აჯაქსს. ფეისბუკის სრული შესაძლებლობების გამოყენება შეგიძლიათ(ცხადია ქართულად წერისა და ფლეშ თამაშების გარდა). ინტერნეტიდან შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ მხოლოდ წიგნები pdf-ს და სხვა ფაილებს ამ ბრაუზერით ვერ გადმოწერთ. ნავიგაცია ცოტა მოუხერხებელია, თუმცა ეს არც არის ამისთვის შექმნილი. კურსორი ძირითადად ლინკიდან ლინკზე დახტის, რაც საკმაოდ ამარტივებს რთულ სიტუაციას, რომელსაც თაჩ-სკრინის არ არსებობა იწვევს.

წაკითხვის რეჟიმი
საკმაოდ დახვეწილი "მკითხავი" ზის ჩვენს კინდლში. კითხულობს საკმაოდ კარგი ინტონაციით. თან თვალს თუ გააყოლებთ ნაწერს, არაფერი გამოგრჩებათ და ნაკლებად დაიღლებით. სამწუხაროდ ფეისბუკის კომენტარების კითხვა ჯერ არ შეუძლია და მხოლოდ წიგნებით შემოიფარგლება :)

აპლიკაციები
ამაზონზე უკვე გაჩნდა 100 აპლიკაცია თქვენი კინდლისთვის. შეგიძლიათ ჩამოწეროთ და გაამდიდროთ თქვენი ბიბლიოთეკა არამხოლოდ წიგნებით. დიდი იმედი მაქვს, ახლო მომავალში მეც შემოგთავაზებთ რამე პროგრამას ან თამაშს.

ლექსიკონი
კითხვის დროს კურსორი შეგიძლიათ მიიყვანოთ სიტყვასთან, ეკრანის ბოლოში გამოჩნდება ამ სიტყვის განმარტება. საფუძვლიანი ეჭვი მაქვს ვიფიქრო, რომ ამ დროს კინდლი ახდებს მთლიანად გვერდის ან წინადადების ანალიზსს, რადგან მრავალი განმარტების ვარიანტიდან სწორედ იმას მიგდებდა, რომელიც იმ მომენტში მჭირდებოდა.

KDK
ამაზონი საშულებას გვაძლევს დავწეროთ აპლიკაციები ჩვენივე კინდლისათვის. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

დამუხტვა
ელემენტების დამუხტვა იმაზე სწრაფად ხდება, ვიდრე მეგონა სამსახურში რამდენიმე წუთით შევაერთე და ინდიკატორმა თითქმის 20%-ით მოიმატა. უნებურად ავიღე და პირდაპირ შტეფსელში შევაერთე, კიდევ კარგი 110-240 V ყოფილა, თორემ... :(




PDF
ალბათ მთავარი იმედგაცრუება. ახლახანს ჩავწერე 4მბ-იანი ქართული წიგნი და სამწუხაროდ კინდლმა ვერ გაუძლო. ჩართვას რამდენიმე წუთი დასჭირდა, გვერდიდან გვერდზე გადასვლას რამდენიმე წამი. ცუდია როცა საკითხავი მოწყობილობა ასე ეჭედება. წიგნი ტექნიკურ უნივერსიტეტშია დამზადებული და იმედი მაქვს სწორედ ამის ბრალია ასეთი პრობლემები. ჩემს ამ ვარაუდს კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ სხვა, ამჯერად უკვე ინგლისურ ენოვანი, პდფ-ის ჩატვირთვისას არანაირი ხარვეზი არ ყოფილა.
ზოგადად 6"-იანი მოწყობილობა ნაკლებად გამოდგება ამ ტიპის ფაილებისთვის. ზედმეტად პატარა ასოებია. გადაიდების შემთხვევაში კი ნავიგაცია დაგღლით.

ბოლოთქმა
ძალიან მოსახერხებელი ხელსაწყოა. 139$-ს უკეთ ნამდვილად ვერ დავაბანდებდი. ყველანაირ დისკომფორტს ხსნის კითხვის დროს. უბრალოდ წამოგორდი და იკითხე. თუ კითხვა გეზარება, შეგიძლია უბრალოდ მოუსმინო. ასევე გირჩევთ შეიძინოთ ყდა(მე ახლახანს გამოვიწერე და ველოდები), მის გარეშე კინდლი ზედმეტად შიშველია და შეიძლება მარტივად დაზიანდეს.
კინდლი გებულობს ქართულს, თუმცა გასაგები არის კი რამე? ქართული ელექტრონული წიგნი ჯერ ხელში არ ჩამვარდნია. იმედია გამომცემლების დაინტერესებას შევძლებთ, რადგან რიდერების რაოდენობა საქართველოში usa2georgia-ს რეისების ჩამოსვლასთან ერთად იზრდება.

დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი რამ გამომრჩა. თუ შეკითხვები გექნებათ, სიამოვნებით გიპასუხებთ.



1 comment:

Lord Vader said...

მეც ფრაუდ თი ბე ქინდ ოუნერ. მეც რამდენიმე თვე ვარჩევდი და ბოლოს ისევ ქინდლზე გავაკეთე არცევანი და არ ვნანობ.
:)